მუხლი 97. გარიგება გაუქმების პირობით
გარიგება გაუქმების პირობით დადებულად ითვლება, როცა ამ პირობის დადგომა იწვევს გარიგების შეწყვეტას და აღადგენს გარიგების დადებამდე არსებულ მდგომარეობას.
|
I. ზოგადი დებულება
97-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა გარიგების დადებისთანავე. პირობის დადგომა იწვევს ამ ურთიერთობის შეწყვეტას.[1] მაგალითად, ბინის გაქირავება იმ პირობით, რომ გამქირავებლის შვილის დაქორწინების შემთხვევაში დამქირავებელი გაათავისუფლებს ბინას. დაქორწინება ამ შემთხვევაში იწვევს ბინის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტას.
II. სამართლებრივი შედეგი
გაუქმების პირობის დადგომა იწვევს გარიგებით გათვალისწინებული ურთიერთობის შეწყვეტას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. ამით ის განსხვავდება გადადების პირობით დადებული გარიგებისაგან. მაგალითად, მოვალის მიერ სესხის დაბრუნება გამსესხებლისათვის იწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას და მოგირავნე ვალდებულია მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთი დამგირავებელს დაუბრუნოს.
ჩვეულებრივ გაუქმების პირობის დადგომა ავტომატურად იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ამისთვის დამატებითი მოქმედებები გახდეს საჭირო. მაგალითად, თუ სესხის ხელშეკრულება შეწყდა შესრულებით, ეს ავტომატურად არ იწვევს ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების შეწყვეტას.[2]
გადადების პირობით დადებული გარიგების მსგავსად გაუქმების პირობაც მოქმედებს სამომავლოდ და მას უკუქცევითი ძალა არა აქვს.[3] ეს იმას ნიშნავს, რომ პირობის დადგომამდე, მაგალითად, გირავნობის საგნის მფლობელობა ან სარგებლობა მართლზომიერი იქნება. თუმცა უკუქცევითი ძალის შესახებ გარიგების მონაწილეები შეიძლება შეთანხმდნენ, მაგალითად, სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა