Gccc-logo.png


მუხლი 98. კეთილსინდისიერების მნიშვნელობა პირობის დადგომისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 98. კეთილსინდისიერების მნიშვნელობა პირობის დადგომისას


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დააბრკოლა მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელი არ არის, პირობა დამდგარად ჩაითვლება.

2. თუ პირობის დადგომას არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი მხარემ, რომლისთვისაც პირობის დადგომა ხელსაყრელია, პირობა დამდგარად არ ჩაითვლება.

I. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

1

98-ე მუხლი წარმოადგენს 8 III მუხლში განმტკიცებული კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევის ერთ კონკრეტულ გამოვლინებას.

2

ნორმის მიზანი არის იმ პირის ინტერესების დაცვა, ვისი უფლებებიც შეილახა იმის გამო, რომ გარიგების მეორე მონაწილემ არაკეთილსინდისიერად შეუწყო ხელი პირობის დადგომას ან არაკეთილსინდისიერად შეუშალა ხელი პირობის დადგომას.

3

98-ე მუხლი შეიცავს ორ შემადგენლობას, რომელთაგან ერთი ეხება გადადების პირობით დადებულ გარიგებას (98 I), ხოლო მეორე – გაუქმების პირობით დადებულ გარიგებას (98 II).

4

გადადების პირობით დადებულ გარიგებასთან მიმართებაში 98 I მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს პირობის დადგომის არაკეთილსინდისიერ დაბრკოლებას იმ პირის მიერ, რომელსაც არ აწყობს პირობის დადგომა. მაგალითად, პირობადებული საკუთრების შემთხვევაში გამყიდველის მიერ თავის არიდება იმ თანხის მიღებისაგან, რომელიც გადაიხადა მყიდველმა ნასყიდობის ფასის ანგარიშში. ამით გამყიდველი აბრკოლებს პირობის დადგომას, რომელიც იწვევს საკუთრების გადასვლას მისგან შემძენზე.

5

გაუქმების პირობით დადებულ გარიგებასთან დაკავშირებით 98 II მუხლი კრძალავს პირობის დადგომის არაკეთილსინდისიერ ხელშეწყობას იმ მხარის მიერ, რომელსაც არ აწყობს პირობის დადგომა. მაგალითად, ხანძრის გაჩენა განზრახ იმ მიზნით, რომ დამზღვევმა სადაზღვევო კომპანიისაგან მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება.

II. გამოყენების წინაპირობები

6

ნორმის გამოყენების წინაპირობა არის გარიგების ერთ-ერთი მონაწილის მიერ ზემოქმედების მოხდენა პირობის დადგომაზე ან მის დაუდგომლობაზე. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ზემოქმედებასა და პირობის დადგომას ან მის არდადგომას შორის. მხოლოდ ზემოქმედების მცდელობა არ არის საკმარისი.[1]

7

უმოქმედობა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ზემოქმედებად, თუკი გარიგების მხარეს ეკისრებოდა გარკვეული მოქმედების განხორციელების ვალდებულება, რომელიც მან არ შეასრულა. მაგალითად, გარიგების ერთ-ერთმა მხარემ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მას მიეღო საექსპორტო ლიცენზია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

8

98-ე მუხლი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა ზემოქმედება არის არაკეთილსინდისიერი. მაგალითად, ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტა შემკვეთის მიერ პირობის დადგომამდე ერთი დღით ადრე.[2]

III. სამართლებრივი შედეგი

9

98-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას ამოქმედდება იურიდიული ფიქცია, რომელიც ორ სამართლებრივ შედეგში გამოიხატება:

პირველი, პირობა ჩაითვლება დამდგარად, თუნდაც ის სინამდვილეში არ იყოს დამდგარი, თუკი ამ პირობის დადგომა არაკეთილსინდისიერად დაბრკოლდა. მაგალითად, პირობადებული საკუთრების დროს გამყიდველი არ იღებს მყიდველის მიერ გადახდილ თანხას.

მეორე, პირობა არ ჩაითვლება დამდგარად, თუნდაც ის ფაქტობრივად დამდგარი იყოს, თუკი ამ შემთხვევაშიც არაკეთილსინდისიერად მოხდა პირობის დადგომის ხელშეწყობა, მაგალითად, ხანძრის ხელოვნურად გაჩენა დამზღვევის მიერ.




  1. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 162 Rn. 3.
  2. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 162 Rn. 6.1.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_98._კეთილსინდისიერების_მნიშვნელობა_პირობის_დადგომისას&oldid=1825"