Gccc-logo.png


მუხლი 99. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 99. ცნება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე.

2. თანხმობას არ სჭირდება გარიგებისათვის დადგენილი ფორმის დაცვა.

3. თუ გარიგება, რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, დადებულია მისი თანხმობით, მაშინ შესაბამისად გამოიყენება 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებები.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და შინაარსი

1

თანხმობა წარმოადგენს თავისთავად, დამოუკიდებელ აბსტრაქტულ (მუხ. 50, მე-20 ველი) გარიგებას, რომლის ნამდვილობაც დამოუკიდებელია მესამე პირის მიერ დადებული გარიგებისგან ან მის მიერ განხორციელებული განკარგვისაგან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თანხმობა ფორმალური თვალსაზრისით თანხმობასავალდებულო გარიგების ნამდვილობის წინაპირობაა, ფუნქციურად ის მაინც მხოლოდ „დამხმარე გარიგების“ სტატუსს ატარებს.[1] ანუ მას არ აქვს თავისი მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსი და ემსახურება მხოლოდ მთავარი გარიგებისათვის ნამდვილობის მინიჭებას.[2]

2

თანხმობის გარეშე დადებული თანხმობასავალდებულო გარიგება, ჩვეულებრივ, მერყევად ბათილია[3] (იხ. მუხ. 54 მე-10 ველი), ხოლო, თუ ცალმხრივ გარიგებას ეხება საქმე, ძირითადად, საბოლოოდ ბათილი (45-ე ველი, მუხ. 101 9-12-ე ველები). 99-102-ე მუხლები შეიცავენ ზოგად წესებს, თუ ვის წინაშე და რა ფორმით უნდა მოხდეს მესამე პირის თანხმობის (თანხმობაზე უარის) გაცხადება, რომლის გარეშეც ეს მთავარი გარიგება ვერ იქნება ნამდვილი. ორ პირს შორის დადებული გარიგების ნამდვილობის მესამე პირის თანხმობაზე დამოკიდებულად მიჩნევის საფუძველი შეიძლება იყოს მისი პირადი ინტერესი ამ გარიგებაში, ან მთავარ გარიგებაში ჩართული პირის ზედამხედველობის უფლება.[4]

3

თანხმობა არის ცალმხრივი გარიგება, რომელიც დადებულია ნების გამოხატვის მეორე მხარესთან მისვლის მომენტიდან და ამ კუთხით იგი უნდა მოვიაზროთ 51-ე მუხლის მოქმედების სფეროში მოქცეულ ცალმხრივ გარიგებათა ოჯახში.[5] მიღებასავალდებულობასთან დაკავშირებით არაფერი იცვლება მაშინაც კი, როდესაც ნოტარიალურად დამოწმებული, თუმცა 111-ე მუხლის მიხედვით, მერყევად ბათილი გარიგების მოწონება ხდება ასევე ნოტარიალური ფორმით.[6] თანხმობა არ საჭიროებს მეორე მხარის მიერ მის აქცეპტირებას. მის მიმართ ძალაში რჩება ასევე სხვა, ცალმხრივი მიღებასავალდებულო გარიგების მიმართ მოქმედი დანაწესები. ეს ეხება განსაკუთრებით ქმედუნარიანობის, ნების ნაკლის, შეცილების, კონვერსიისა და დადასტურების შესახებ წესებს, თუ სხვა წესს არ შეიცავენ უპირატესად გამოსაყენებელი 99-102-ე მუხლები.

4

საკითხი, წარმოადგენს თუ არა თანხმობა მისი განმცხადებლისათვის მე-15 მუხლის გაგებით მხოლოდ უფლებრივი სარგებლის მომტან გარიგებას,[7] უნდა გადაწყდეს იმ გარიგების სამართლებრივი შედეგების მიხედვით, რომლის ნამდვილობისათვისაც მოხდა თანხმობის გაცხადება. სხვაგვარადაა საქმე, როდესაც თანხმობის განმცხადებელი მხოლოდ მოჩვენებითი უფლებამოსილების მქონეა. ამ შემთხვევაში მთავარი გარიგების შედეგები ეხება მხოლოდ ნამდვილად უფლებამოსილ პირს და თანხმობა მაშინაც კი ნამდვილია მე-15 მუხლის მიხედვით, როდესაც დათანხმებული შეზღუდულად ქმედუნარიანია.

2. გამოყენების სფერო

5

გარიგების თანხმობასავალდებულობა, როგორც ის 99-102-ე მუხლებშია მოწესრიგებული, სრულად შეესატყვისება კერძო ავტონომიის პრინციპს.[8] მხოლოდ არასრულწლოვანს სჭირდება გარიგების დადებისათვის ზოგადად თანხმობის ქონა, რადგან მართლწესრიგი მას სრულად არ ანიჭებს კერძო ავტონომიით სარგებლობის შესაძლებლობას. სხვა შემთხვევაში (კანონისმიერი) თანხმობის აუცილებლობა, ჩვეულებრივ, განპირობებულია იმით, რომ გარიგება არა მხოლოდ მისი მონაწილეების, არამედ ასევე მესამე პირების სამართლებრივ სფეროს ეხება და არავინ შეიძლება დათმოს ან მიიღოს სამართლებრივი პოზიციები ისე, რომ მას ეს არ უნდოდეს, რაც ასევე კერძო ავტონომიის პრინციპის გამოვლინებაა.

6

99-102-ე მუხლები მოქმედებს იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებებისა და ცალმხრივი გარიგებების ნამდვილობა კანონის ძალით დამოკიდებულია მესამე პირთა თანხმობაზე.[9] ამის მაგალითს წარმოადგენს შეზღუდულად ქმედუნარიანის მიერ დადებული გარიგება (63-ე და შემდეგი მუხლები), არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგების მოწონება (111-ე და შემდგომი მუხლები), არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის განკარგვის ნებართვა ან მოწონება (102), კრედიტორის თანხმობა ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით (204). თანხმობას საჭიროებს ასევე გარიგება 114-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც პირი მას საკუთარ თავთან დებს.[10] განსხვავებით არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგების მოწონებისაგან, რწმუნებულების მინიჭება არ წარმოადგენს თანხმობას 99-ე და შემდგომი მუხლების გაგებით, ის არის დამოუკიდებელი სამართლებრივი ფიგურა, რომელიც ამომწურავად არის მოწესრიგებული 103-ე და შემდგომ მუხლებში.[11]

7

თანხმობად ხშირად მოიხსენიება მთავარი გარიგების ერთ-ერთი მონაწილის მოქმედება უშუალოდ ამ გარიგების ფარგლებში, რომელიც მისი დადების შემდეგ ხდება. ამის მაგალითს წარმოადგენს ნასყიდობა მოწონების პირობით (520), გარიგების დადასტურება (61 II, III), გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული თანხმობა (934 I, 956) და რამდენიმე საფეხურიანი სამართლებრივი აქტის მონაწილეთა თანხმობა ამ აქტის განხორციელებისას (1247 და შემდგომი მუხლები). ეს ყველაფერი არ წარმოადგენს თანხმობას 99-102-ე მუხლების (ტექნიკური) გაგებით, ისევე როგორც თანხმობა, რომლის გაუცემლობის ეფექტიც გარიგების მონაწილესა და მესამე პირს შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებით ამოიწურება (მაგ., თანხმობა ქვექირავნობაზე, 549).[12]

ა) პირობითი გარიგებები

8

გარიგების ძალით სხვა პირებს შორის დადებული გარიგების თანხმობასავალდებულოდ ქცევა შესაძლებელია ამ თანხმობის აუცილებლობის, როგორც კონკრეტული გარიგების გადადების პირობად (96) მიჩნევის მეშვეობით[13] – ბინის მესაკუთრე მზად არის მიაქირავოს ის პიანისტს რეპეტიციისათვის, თუ ზედა მეზობელი იქნება თანახმა. ამ შემთხვევაში სახეზეა არა თანხმობა 99-102 მუხლების გაგებით, არამედ პირობითი გარიგება (90-98 მუხლები).[14]

ბ) გარიგებისმიერი თანხმობასავალდებულობის შეუძლებლობა

9

ამისგან განსხვავებით, მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი შეთანხმებით გარიგების თანხმობასავალდებულობის დაწესება შეუძლებელია, ამიტომაც არსებობს მხოლოდ კანონისმიერი და არა გარიგებისმიერი თანხმობასავალდებულობა.[15] გარდა ამისა, გენერალური შეთანხმება, რომ პირის მიერ დადებული ყველა სამომავლო გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული იქნება სხვა პირის თანხმობაზე, დაუშვებლად ზღუდავს მხარის კერძო ავტონომიის პრინციპს და არანამდვილია, როგორც ამორალური გარიგება. თუმცა ნებისმიერი სხვა შეთანხმება ორ პირს შორის, რომ ერთი მათგანის თანხმობის გარეშე მეორე არ დადებს გარკვეულ გარიგებას, არ გაასხვისებს რაიმე ნივთს,[16] მართალია, როგორც შეთანხმება ბათილი არ არის, მაგრამ მესამე პირებს არ უნდა უზღუდავდეს გარიგების დადების შესაძლებლობას,[17] ამ შეთანხმების დარღვევით დადებული გარიგება მაინც ნამდვილია და შეიძლება მხო ლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოშვას.[18]

აა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა

10

თუმცა, ამ საკითხს სხვაგვარად წყვეტს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში[19] მან არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები, რომელიც ხელშეკრულებით დადგენილ თანხმობის აუცილებლობას 99-102-ე მუხლის რეგულირების სფეროს მიღმა ტოვებდა და განმარტა, რომ მითითებული ნორმა შეეხება როგორც კანონით დადგენილ, ისე მხარეთა მიერ შეთანხმების საფუძველზე დაწესებულ სავალდებულო თანხმობას. იგივე პოზიციაა გატარებული შედარებით ახალ გადაწყვეტილებაში, სადაც უზენაესმა სასამართლომ თანხმობასავალდებულოდ მიიჩნია მხარეთა შეთანხმებით ქონების სამომავლო გასხვისების გარიგება.[20]

ბბ) სასამართლო პრაქტიკის კრიტიკა

11

ამ ორივე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა თანხმობასავალდებულო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არასწორია. მართლწესრიგი კერძო ავტონომიას აღიარებს სამართლებრივი ურთიერთობების კონსტრუირების ქვაკუთხედად და მხოლოდ თავისთვის იტოვებს მისი შეზ- ღუდვის შესაძლებლობას.[21] არავინ შეიძლება შეიზღუდოს თავი ერთი ვალდებულებითი გარიგების ფარგლებში იმგვარად, რომ შემდეგ ვეღარ დადოს სხვა ნამდვილი ვალდებულებითი გარიგება.

12

განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს ზემოთ ხსენებულ მეორე გადაწყვეტილებაში არჩეული გზა იმსახურებს კრიტიკას, სადაც შეთანხმება, რომ შემძენს ნასყიდობის საგნის გასხვისება გამყიდველის წინასწარი თანხმობის გარეშე არ შეეძლო, სასამართლომ საკმარისად ჩათვალა ამ ნივთთან დაკავშირებით დადებული ყველა შემდგომი ნასყიდობის თანხმობასავალდებულობისათვის. ამგვარი დაშვება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მაშინ პირობადებული საკუთრების აუცილებლობა აღარ იარსებებდა. ეს გადაწყვეტა ანგარიშს არ უწევს სანივთო და ვალდებულებით უფლებამოსილებას შორის დიქოტომიას. სანივთო უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს იმით, რომ შემძენს მხოლოდ პირობადებული საკუთრება გადაეცეს, ე. წ. მოლოდინის უფლება, თუმცა ამაზე შორსმიმავალი შეზღუდვა იქნებოდა პირისათვის ნაყიდი ნივთის შემდგომი გაყიდვის უფლების ჩამორთმევა, რაც ალოგიკურია – როგორ შეიძლება მესამე პირთან დადებული გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი შეზღუდვა უფრო ინტენსიური იყოს, ვიდრე საკუთრების არგადაცემა?

13

სხვა გადაწყვეტილებაში სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია გირავნობის საგნის რეალიზაცია იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დამგირავებელი, მიუხედავად მოგირავნესთან არსებული შეთანხმებისა, მაინც გაასხვისებს საგანს,[22] რაც უთუოდ გასაზიარებელია. სასურველია, თუ ეს და არა ზემოთ ხსენებული ორი არასწორი გადაწყვეტილება გახდება ორიენტირი ამ მიმართულებით პრაქტიკის შემდგომი განვითარებისათვის.

14

მესამე პირის თანხმობის აუცილებლობა შეიძლება უშუალოდ გარიგების (ან ხელშეკრულების) მხარემ გაითვალისწინოს გადადების პირობის ფორმით (შდრ. მე-8 ველი).

გ) თანხმობა, როგორც ვალდებულების შინაარსის I ნაწილი

15

ყოველივე ზემოთ თქმული არ ნიშნავს იმას, რომ მხარეებს არ შეუძლიათ გაითვალისწინონ მათ შორის დადებული გარიგებით ერთი-ერთი მხარის მიერ დასადები შემდგომი გარიგების თანხმობასავალდებულოობა, თუმცა ამგვარ შეთანხმებას მხოლოდ ვალდებულებითი ეფექტი აქვს და, როგორც უკვე ვახსენეთ (მე-9 ველი) მარტო ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს.

16

ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ამ კონტექსტში მაგალითად მოჰყავთ საზოგადოების წესდების თანახმად წარმომადგენლის მიერ გარკვეული გარიგების დადებისათვის საზოგადოების ამა თუ იმ ორგანოს თანხმობის აუცილებლობა.[23] ეს არის არა თანხმობა გარიგებებში, არამედ გარიგების „შინაარსის შემადგენელი ელემენტი“. დირექტორების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება როგორც შპს-ში, ასევე სს-ში შეუზღუდავია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია განისაზღვროს, რომ დირექტორს კონკრეტული გარიგებების დასადებად სხვა ორგანოს თანხმობა სჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაში თანხმობა მხოლოდ ვალდებულების შინაარსია და მის გარეშე დადებული გარიგებაც ნამდვილია.[24]

დ) ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა

17

პრობლემურია საკითხი, შეიძლება თუ არა რეგულირების სფეროში მოექცეს სახელმწიფოს მხრიდან გაცემული თანხმობა, მაგალითად, სხვადასხვა სახის ლიცენზია ან ნებართვა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია აგრარულ, ფინანსურ, სამშენებლო და შრომით სექტორში. ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ სახელმწიფოს თანხმობა მაინც ექცევა 99-102-ე მუხლების მოქმედების სფეროში, თუკი ის წარმოადგენს გარიგების ნამდვილობის წინაპირობას.[25] ეს მოსაზრება, მართალია, საბოლოო ჯამში, გასაზიარებელია, თუმცა მანამდე რამდენიმე დათქმის გაკეთებას საჭიროებს. ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა არ წარმოადგენს კერძოსამართლებრივ გარიგებას, არამედ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად მასზე 99-ე და შემდგომ მუხლებს პირდაპირ ვერ გამოვიყენებთ.[26] მისი ნამდვილობის წინაპირობები და სამართლებრივი შედეგები უნდა განისაზღვროს საჯარო სამართლის მიხედვით, თუმცა ასევე გერმანულ სასამართლო პრაქტიკაშიც და იურიდიულ ლიტერატურაში აღიარება პოვა მოსაზრებამ,[27] რომ ამ თანხმობაზეც უნდა გამოვიყენოთ 99-ე და შემდგომი მუხლები, თუ მას, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობას ეხება საქმე, რაიმე თავისებურება არ ახასიათებს.

18

ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობასთან დაკავშირებით, ძირითადად ორი საკითხია პრობლემური: ნებართვის გამოუხმობადობა და მოწონების უკუქცევითი ძალა. ადმინისტრაციული ორგანოს როგორც ნებართვა, ისე მოწონება არ არის თავისუფლად გამოხმობადი[28] და ორგანოს, ჩვეულებრივ, არ შეუძლია მოწონებაზე უარი ცალმხრივად გააუქმოს და შემდეგ მოიწონოს კერძო პირებს შორის დადებული გარიგება. ასევე ნებართვაც პრინციპულად გამოუხმობადი უნდა იყოს,[29] თუმცა სხვაგვარადაა საქმე, თუ მისი გაცემა რაიმე პროცედურული თუ მატერიალურ-სამართლებრივი დარღვევით მოხდა. ამ დროს ნებართვა-მოწონების გამოხმობა მთლიანად ადმინისტრაციული სამართლის მიხედვით განისაზღვრება.

19

რაც შეეხება მოწონების უკუქცევით ძალას, ის იდენტურია 101-ე მუხლში მოწესრიგებულისა, თუ შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი დანაწესიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.[30] განკარგვისას (იხ. მუხ. 102 მე-5 ველი) ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოწონება არ წარმოადგენს კერძოსამართლებრივი განკარგვის შემადგენლობის ნაწილს, ანუ ამ კერძოსამართლებრივი შემადგენლობის შესრულების მომენტიდან წარმოიშობა მბოჭავი ეფექტი.[31] ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოწონების შემთხვევაში ყველა სხვა საწინააღმდეგო განკარგვა, რომელიც განხორციელდა თავდაპირველ განკარგვასა და მოწონებას შორის შუალედში. უკუქცევითი ძალით არანამდვილია. მაგალითად, თუ პირი ასხვისებს ქონებას, რომლის მესაკუთრის ცვლილებასაც სახელმწიფოს მხრიდან თანხმობა სჭირდება, ამ თანხმობის გარეშე და მოწონებამდე კიდევ რამდენჯერმე ასხვისებს მას, თავდაპირველი გასხვისების მოწონების შემდეგ ყველა ეს შუალედური გასხვისება, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული, არანამდვილია ისე, რომ 101-ე მუხლის არც პირდაპირ და არც ანალოგიით გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, მიუხედავად ამ შუალედური განკარგვის არანამდვილობისა, შემძენს შეუძლია საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვება. კეთილსინდისიერებისათვის გადამწყვეტია განკარგვის შემადგენლობის და არა მოწონების მომენტი.[32]

3. ტერმინოლოგიური საკითხი

20

99-102-ე მუხლები იყენებენ გვარეობით ცნებას „თანხმობას“, რომელიც მოიცავს როგორც წინასწარ გაცემულ თანხმობას (ნებართვა), ასევე გარიგების დადების შემდგომ თანხმობას (მოწონება). გარიგების დადების თანადროულად თანხმობის გაცემა, მართალია, ფაქტობრივად შესაძლებელია, მაგრამ სამართლებრივად ის თანხმობის ცალკე ფორმად არ განიხილება და ან ნებართვას წარმოადგენს, ან მოწონებას.[33]

ტერმინოლოგიური თვალსაზრისით პრობლემურია ის გარემოება, რომ ყოფითი ლექსიკა თანხმობასა და ნებართვას შორის განსხვავებას არ აკეთებს და ამას ვერც სსკ-ის კანონმდებელმა აუარა გვერდი. მთელ რიგ მუხლებში (მაგ., 65 III, 861) ნებართვა თანხმობის სინონიმად გამოიყენება, ხანდახან კი ის მოწონებას აღნიშნავს (67).

II. თანხმობის გაცხადება, 99 I

1. თანხმობის ადრესატი

21

თანხმობა გარიგებაზე (ისევე როგორც მასზე უარი) შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის, ასევე მათი წარმომადგენლის წინაშე. ამგვარი დანაწესით კანონმდებელი მიიჩნევს, რომ მთავარი გარიგების არც ერთ მხარეს არ გააჩნია ისეთი ინტერესი მერყევად ბათილად დადებული გარიგების საბოლოო ბედთან დაკავშირებით, რომელიც მეორისას გადაწონიდა.[34] აუცილებელია, რომ თანხმობა მიმართული იყოს ამ ერთ-ერთი მხარისაკენ. ნების გამოხატვა, რომელიც სხვა მიმღებისკენაა მიმართული (გინდ შემთხვევით ან გადამისამართების შემდეგ მოხვდეს კიდეც საჭირო ადრესატთან), ან მიმართულია ხელშეკრულებაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოსაკენ, ვერ წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.[35] ამისგან განსხვავებით, თუ სწორი ადრესატისაკენ მიმართული თანხმობა შეცდომით სხვა ადრესატთან მოხვდება და ის მოგვიანებით (99 I მუხლის გაგებით) სწორ ადრესატთან გადაამისამართებს, ნების გამოხატვა ნამდვილი ხდება მასთან მისვლისთანავე.

22

ხელშეკრულებისას თანხმობის გაცხადება შეიძლება როგორც თანხმობასავალდებულო ნების გამომხატველის, ასევე მისი კონტრაჰენტის მიმართ.[36] დათანხმებულს აქვს არჩევანის საშუალება, თუ ვის წინაშე განაცხადებს ამ თანხმობას. უმნიშვნელოა მეორე კონტრაჰენტმა, რომლის წინაშეც თანხმობა არ გაცხადებულა, იცის თუ არა ამ გაცხადების (ან უარყოფის) შესახებ.

23

თუ გარიგების ერთ მხარეზე რამდენიმე პირი დგას (მაგ., რამდენიმე არაუფლებამოსილი პირი განკარგავს ერთ ნივთს), მაშინ თანხმობა ამ ერთ მხარეზე მყოფი ყველა პირის წინაშე უნდა გაცხადდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი ნების გამოხატვას იღებს, როგორც სხვების წარმომადგენელი.[37]

24

ნოტარიუსს შეიძლება მიენიჭოს უფლებამოსილება, მიიღოს მის მიერ დამოწმებულ გარიგებაში მონაწილე ყველა პირის ნების გამოხატვა, მათ შორის მესამე პირთა თანხმობა. ნოტარიუსისათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც მხარეები ნოტარიუსს გარიგების დამოწმების გარდა, საქმის სხვა დეტალების მოგვარებასაც მიანდობენ.[38] იპოთეკარმა მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში თანხმობა ვალის გადაკისრებასთან დაკავშირებით (204) მხოლოდ მყიდველის ან გამყიდველის წინაშე უნდა გამოთქვას და არა იმ პირის მიმართ, ვინც მიწის ნაკვეთს მოგვიანებით შეიძენს.[39] კრედიტორის თანხმობა მესამე პირის წინაშე შესრულებასთან დაკავშირებით (373 II) შეიძლება გაცხადდეს როგორც მოვალის, ასევე მესამე პირის წინაშე.[40]

25

99 I მუხლში ჩამოყალიბებული წესისაგან განსხვავებულ დანაწესებს შეიცავს, მაგალითად, 111 II მუხლი, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების მომწესრიგებელი ნორმები.

2. თანხმობა რამდენიმე გარიგებასთან დაკავშირებით

26

წინასწარი თანხმობის (ნებართვის) გამოთქმა შესაძლებელია ერთდროულად გარიგებების მთელ ჯგუფთან ან გვართან დაკავშირებით.[41] ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს არასრულწლოვნისათვის ჯიბის ფულის გადაცემა (65 I) ან საწარმოს გაძღოლის ნებართვის მინიჭება (65 II). საეჭვოობის შემთხვევაში ნებართვის შინაარსი და ფარგლები უნდა დადგინდეს განმარტების მეშვეობით.

3. კონკლუდენტური ნების გამოხატვა

27

თანხმობის გამოთქმა შესაძლებელია კონკლუდენტური ქცევითაც.[42] ეს ეხება როგორც მოწონებას, ისე ნებართვას, თუმცა კონკლუდენტურად გამოთქმული თანხმობის მნიშვნელობა, პირველ რიგში, ნებართვის შემთხვევაშია მნიშვნელოვანი. კონკლუდენტური თანხმობის პირველი წინაპირობაა, რომ ის ცხადი გახდეს, ანუ მიუვიდეს შესაბამის ადრესატს (21-ე ველი) და საკმარისი არ არის მისი გაცხადება მესამე პირების მიმართ. ამავე დროს, ვინაიდან თანხმობა ცალკე გარიგებაა, აუცილებელია ქმედება იმგვარად განხორციელდეს, რომ მიმღებს ჰქონდეს მისი შინაარსის აღქმის შესაძლებლობა.[43] თუ რამდენიმე პირის თანხმობაა აუცილებელი, კონკლუდენტური თანხმობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გვაქვს სახეზე, როდესაც ყველა უფლებამოსილმა პირმა იცის ერთ-ერთი მათგანის კონკლუდენტურად გამოთქმული თანხმობის შესახებ.[44]

28

მერყევად ბათილი გარიგების კონკლუდენტური ქცევით მოწონებისას, არ არის აუცილებელი მომწონებელმა იცოდეს მისი არანამდვილობის შესახებ (ან სულ მცირე უშვებდეს ამას) და მის ქცევაში იკითხებოდეს ამ მომენტამდე არანამდვილი გარიგების ნამდვილად ქცევის სურვილი.

ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სამართლებრივი ბოჭვის ნება ნების გამოხატვის ნამდვილობისათვის კონსტიტუტიურ ელემენტს არ წარმოადგენს, გადამწყვეტია ობიექტური მიმღების თვალსაწიერი და ის ფაქტი, რომ გამომხატველს შესაბამისი გულისხმიერების გამოყენების შემთხვევაში უნდა შეეცნო, რომ მისი ადრესატი გონივრული განსჯის (52) შედეგად მას ნების გამოხატვად აღიქვამდა.[45] საიდანაც პირდაპირ გამომდინარეობს, რომ უმნიშვნელო უნდა იყოს, იცის თუ არა უფლებამოსილმა პირმა, რომ მისი ქცევა მოწონებად იქნება აღქმული. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მოწონებად მიიჩნია კრედიტორის მიერ ქონების დაბრუნების თაობაზე მემორანდუმის გაფორმება იმ პირთან, რომელსაც მოვალემ გადასცა ეს ქონება.[46]

29

რაც შეეხება გარიგების ბათილობის ცოდნას (ან გაუფრთხილებლობით არცოდნას), წინააღმდეგობრივი ქცევა იქნებოდა (venire contra factum proprium-ის პრინციპის დარღვევა), თუ ნების გამომხატველი უარს იტყოდა იმ გარიგების ნამდვილობაზე, რომლის მოსაწონებლადაც და ნამდვილობისათვისაც ცოტა ხნის წინ ყველაფერი გააკეთა.[47] ამ კონტექსტში მხოლოდ თანმიმდევრულია, რომ გადამწყვეტი არ იყოს, არც ნების ადრესატის ცოდნა, რომ გარიგება მოწონებას საჭიროებს.[48]

30

იპოთეკის დათმობა ჩვეულებრივ შეიცავს ცედენტის კონკლუდენტურ მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ცესიონერს შეუძლია თავისუფლად განკარგოს ეს უფლება.[49] ნივთის პირობადებული საკუთრების უფლებით გასხვისება ჩვეულებრივ ითვალისწინებს მყიდველის უფლებას, ეს ნივთი კიდევ გაასხვისოს სხვა პირზე, თუ მყიდველი პროფესიულად არის დაკავებული ნაყიდი ნივთების გადაყიდვით. თუ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორები ახალ პარტნიორად აღიარებენ პირს, რომელსაც ყოფილმა პარტნიორმა თავისი წილი დაუთმო, მაშინ აქ შესაძლებელია კონკლუდენტური თანხმობის ამოკითხვა ამ წილის დათმობასთან დაკავშირებით.[50] არასრულწლოვნისა (65) და რწმუნებულების გარეშე მოქმედი წარმომადგენლის შემთხვევაში (111), თუ უფლებამოსილი პირი განახორციელებს გარიგებით გათვალისწინებულ შესრულებას[51] (შდრ. დეტალურად მუხ. 101 24-ე ველი), ან, პირიქით, მოითხოვს მეორე მხარისაგან ამ შესრულების განხორციელებას,[52] აქაც შეიძლება იკითხებოდეს ამ გარიგებების კონკლუდენტური მოწონება. მაგალითად, ნივთის მიწოდება, გადახდა,[53] სესხის შემთხვევაში პროცენტების დაფარვა[54] და ა. შ. წარმოადგენს კონკლუდენტურ მოწონებას. ხელშეკრულების დათმობისას, რომელიც მოთხოვნის დათმობისაგან განსხვავდება იმით, რომ ჩამნაცვლებელი სრულად იკავებს ჩანაცვლებულის სახელშეკრულებო პოზიციებს, თუ კონტრაჰენტი ითხოვს შესრულებას ახალი კონტრაჰენტისაგან, აქაც იკითხება ხელშეკრულების დათმობის მოწონება.[55] გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით,[56] თუ გამყიდველი მოიხმარს არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დადებული ნასყიდობიდან მიღებულ თანხას, მხოლოდ ეს ცალკე აღებული არ ჩაითვლება გარიგების მოწონებად, თუმცა ამის საპირისპიროდ, შესრულების მიღება და მისი გამოყენება უკვე წარმოადგენს მოწონებას.

4. დუმილი

31

დუმილი, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ვერ ჩაითვლება კონკლუდენტურად გამოხატულ თანხმობად. გამონაკლისის სახით დუმილს შეიძლება მიენიჭოს კონკლუდენტური ნების გამოხატვის მნიშვნელობა, როდესაც უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო სხვა შემთხვევაში ცალსახად განეცხადებინა თანხმობაზე უარი.[57] მაგალითად, თუ არაუფლებამოსილი წარმომადგენელი მოგვიანებით შეიძენს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რაც ამ მომენტიდან ანიჭებს მას გარიგების მოწონება-არმოწონების უფლებას, მისი დუმილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩაითვლება დადებული გარიგების კონკლუდენტურ მოწონებად.[58] გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით დუმილით კონკლუდენტური მოწონების მაგალითს წარმოადგენს მეუღლის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მეორე მეუღლის სახელით გარიგების გადება, როდესაც ეს უკანასკნელი არ უარყოფს ამ გარიგებას.[59] საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თანხმობად მიიჩნია მხარეთა დუმილი, როცა მათ იცოდნენ წილების ნასყიდობისა და დაგირავების შესახებ, თუმცა ნოტარიუსთან ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამთ.[60]

5. ნების ნაკლი და არანამდვილობის სხვა მიზეზები

ა) უფლების ბოროტად გამოყენება

32

ნებართვის, ისევე როგორც რწმუნებულების, ბოროტად გამოყენება დაუშვებელია. ამგვარად, განკარგვა მოცული აღარ არის უფლების მფლობელის წინასწარი თანხმობით, თუ უფლებამოსილი პირი მინიჭებულ უფლებას – განკარგოს ნივთი საკუთარი სახელით – ცალსახად ბოროტად იყენებს.[61]

ბ) შეცილება

33

თანხმობას, როგორც ყველა სხვა ცალმხრივ გარიგებას, შეიძლება ახასიათებდეს ნების ნაკლი, რაც იძლევა მისი შეცილების შესაძლებლობას შეცდომის, მოტყუების ან იძულების ზოგადი საფუძვლით, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, თუმცა ნებართვის გამოხმობა, მე-100 მუხლის თანახმად, ყოველთვის შეიძლება გარიგების დადებამდე, რის გამოც შეცილების აუცილებლობა, ჩვეულებრივ, არ არსებობს. გამონაკლისის სახით, თუ გარიგებით (იხ. მუხ. 100 მე-13 ველი) ან კანონის საფუძველზე გაცემულია გამოუხმობადი ნებართვა ან საქმე ეხება მოწონების (101) გაქარწყლებას, დგება სწორედ შეცილების გამოყენების აუცილებლობა.

34

ნებართვის აბსტრაქტული ხასიათის გამო იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაკლი, რომლისათვისაც გაიცემა თანხმობა, ავტომატურად არ აისახება მის ნამდვილობაზე (1-ლი ველი).[62] თუმცა სხვა მხრივ, დათანხმებულის შეცდომა თანხმობასავალდებულო მთავარი (სახელშეკრულებო) ურთიერთობის სახესა და შინაარსთან დაკავშირებით, მაგალითად, ნივთის არსებით თვისებასთან დაკავშირებით, თანხმობის გარიგების ფარგლებში არის არა მხოლოდ უმნიშვნელო შეცდომა მოტივში (იხ. მუხ. 73 მუხ. 31), არამედ შეცდომა შინაარსში 73 ბ) მუხლის მიხედვით. თუ შეცდომა მთავარი გარიგების ფარგლებში მხოლოდ მოტივში უმნიშვნელო შეცდომად ითვლება, ის ასევე უმნიშვნელოა ნებართვის ფარგლებშიც.

35

შეცილების ადრესატი არის თანხმობის მიმღები პირი. გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული მოსაზრების მიხედვით,[63] არ არის აუცილებელი შეცილების გაცხადება ასევე მეორე მხარის, მათ შორის არც თანხმობის მიმღების კონტრაჰენტის წინაშე.

მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას გასათვალისწინებელია, რომ თანხმობის უკუქცევითი ძალით გაუქმებასთან ერთად ქარწყლდება ასევე მისი მეშვეობით დადებული მთავარი გარიგება, რის გამოც აუცილებელია თანხმობის საფუძველზე ნამდვილად ქცეული გარიგების კონტრაჰენტმაც იცოდეს მოტყუების შესახებ.[64] ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც თანხმობა მხოლოდ დათანხმებულსა და თანხმობის ადრესატს შორის შიდა ურთიერთობაში გაცხადდა.[65] თუმცა ეს გადაწყვეტა მთლიანობაში უკუსაგდებია (იხ. მუხ. 83-ე მუხლის კომენტ. ველი 20).

36

დათანხმებული და შემდეგში შემცილებელი ვალდებულია აუნაზღაუროს ზიანი მთავარი გარიგების კონტრაჰენტს, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვის წინაშე გაცხადდა შეცილება.[66] ამ მთავარი გარიგების მიხედვით განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების მოცულობა.

III. თანხმობის ფორმა (99 II)

1. ფორმის თავისუფლების პრინციპი

37

თანხმობა, ისევე როგორც რწმუნებულება (107 II), არ საჭიროებს თანხმობასავალდებულო გარიგებისათვის დადგენილ ფორმას (99 II), რაც თავისთავად იმის მტკიცებულებაცაა, რომ თანხმობა დამოუკიდებელია ძირითადი გარიგებისგან.[67] გერმანულ სამართალში, იდენტური ნორმატიული წანამძღვრების პირობებში, გამოთქმული მოსაზრების თანახმად,[68] ეს წესი არ მოქმედებს, თუ გარიგების ფორმასავალდებულობა განპირობებულია გაფრთხილების ფუნქციით (იხ. მუხ. 68 მე-3 ველი) ან საქმე ეხება გამოუხმობად ნებართვას. ამ ორივე შემთხვევაში აუცილებელია თანხმობის გაცემა მთავარი გარიგებისათვის გათვალისწინებული ფორმით. ეს მოსაზრება უკუსაგდებია[69] და მას ვერც რწმუნებულების ფორმასავალდებულობასთან დაკავშირებულ იდენტურ პრობლემატიკაზე მითითება გაამართლებს, რადგან დათანხმებული მესამე პირი, არ ხდება რა წარმოდგენილისაგან განსხვავებით უშუალოდ გარიგების მხარე, არ საჭიროებს ამ ინტენსივობის გაფრთხილებას. გარდა ამისა, თითქმის ყველა ფორმის დანაწესის მიზანს მხარის გაფრთხილება წარმოადგენს და ხსენებული დაშვება 99 II მუხლის მნიშვნელობას ნულამდე დაიყვანდა. ამასთან, გაუგებარი იქნებოდა იმ განსაკუთრებული დანაწესების (მე-40 ველი) ფუნქცია, რომლებიც თანხმობის ფორმასავალდებულობას განსაზღვრავენ, თუ თანხმობა მხოლოდ გაფრთხილების ფუნქციაზე მითითებით შეიძლება გვექცია ფორმასავალდებულოდ.

38

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების შემთხვევაში გერმანული სასამართლო პრაქტიკა[70] ერთმანეთისაგან მიჯნავს მატერიალურ და (საჯარო რეესტრის) პროცედურულ მხარეს. არაუფლებამოსილი წარმომადგენლის (განმკარგავის) ქმედების მოწონება, მართალია, არ საჭიროებს თავად ამ გარიგებისათვის აუცილებელ ფორმას (მაგ., 183, 234, 243, 247 II, 289 I), თუმცა 3111 I მუხლის მიხედვით რეგისტრაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ გარიგების, არამედ ასევე მოწონების წერილობითი ფორმით წარდგენა. ამ გადაწყვეტის გაზიარება საჯარო რეესტრის პროცედურული თავისებურებებიდან და მიზნიდან გამომდინარე ქართულ პრაქტიკაშიც უთუოდ აუცილებელია.

39

მცირე ჩამონათვალი ფორმასავალდებულო გარიგებებთან დაკავშირებით გაცემული არაფორმასავალდებულო თანხმობისა (გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით[71]) შემდეგია: უძრავი ნივთის გასხვისებასთან დაკავშირებული თანხმობა ნამდვილობისათვის (განსხვავებით სანივთო უფლების რეგისტრაციისაგან, 38-ე ველი) არ საჭიროებს 323-ე მუხლით გათვალისწინებულ ფორმას.[72] არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობით დადებული თავდებობა უფლებამოსილ პირს შეუძლია ფორმის დაუცველად (892) მოიწონოს,[73] ისევე როგორც საქორწინო ხელშეკრულება – 1174-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად.[74] არასრულწლოვანს შეუძლია სრულწლოვანების მიღწევასთან ერთად ფორმის დაუცველად მოიწონოს მის მიერ ფორმის დაცვით დადებული შპს-ის წილის მოპოვების გარიგება, რომელიც ამ მომენტამდე მერყევად ბათილია.[75] მეწარმეთა შესახებ კანონის 43 II მუხლით გათვალისწინებული ფორმის დაცვას არ საჭიროებს ასევე არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წილის დათმობის მოწონება.[76]

2. ფორმასავალდებულო თანხმობა

40

მიუხედავად 99 II მუხლით გათვალისწინებული ფორმის თავისუფლების პრინციპისა, თანხმობა მთელ რიგ შემთხვევებში მაინც საჭიროებს ფორმის დაცვას. მაგალითისათვის იხ.: 307 III, 844 II, 945, I, 1108 II, 1251, 1411, 1501 მუხლები.

IV. თანხმობაზე უარი

41

99 I მუხლში კანონმდებელი თანხმობასა და მასზე უარს ერთმანეთის გვერდიგვერდ აყენებს და მათზე ერთსა და იმავე პრინციპებს ავრცელებს.[77] თანხმობაზე უარიც, თანხმობის მსგავსად, წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო ნების გამოხატვას,[78] რომლის მისვლასთან ერთადაც მერყევად[79] ბათილი მთავარი გარიგება საბოლოოდ არანამდვილი ხდება.[80] ის უნდა გაცხადდეს როგორც საბოლოო უარი გარიგებაზე, რაც საეჭვოობისას განმარტების მეშვეობით დგინდება. თუ თანხმობაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ დროებით აცხადებს უარს მის გაცემაზე და შესაძლებლად მიიჩნევს მოგვიანებით აზრის შეცვლას, ეს არ ჩაითვლება უარად 99 I მუხლის გაგებით.[81]

თანხმობის მსგავსად, ასევე მასზე უარის გაცხადება შეიძლება როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე (99 I) და ის არ საჭიროებს მთავარი გარიგებისათვის დადგენილ ფორმას (99 II).

42

უარი უნდა იყოს გამოუხმობადი,[82] რაც გამომდინარეობს მისი ფუნქციიდან: თანხმობის მოთხოვნა ხდება გარიგების მერყევად ბათილი მდგომარეობის ცალსახად გადასაწყვეტად, ეს კი აზრს დაკარგავდა, თუ ყოველთვის იქნებოდა შესაძლებელი ამ ცალსახად გადაწყვეტილი მდგომარეობის უკუქცევა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს გამოუხმობადობა განეიტრალებულია იმით, რომ უარი გარიგების დადებამდე ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს თანხმობით და ასევე შესაძლებელია თანხმობის გარეშე დადებული გარიგების მოგვიანებით მოწონებაც.

43

უარი შეცილებადია ზოგადი წესების მიხედვით (72-89), თუმცა უარის ნებისმიერ მომენტში შეცვლის გამო, მისი საცილოობა პრაქტიკულად უმნიშვნელოა.

V. თანხმობა ცალმხრივ გარიგებაზე, 99 III

1. თანხმობის გარეშე დადებული ცალმხრივი გარიგების არანამდვილობა

44

99 III მუხლი ეხება ცალმხრივ გარიგებაზე თანხმობას. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ცალმხრივი“ ამ დანაწესში ნახსენები არ არის, ეს გამომდინარეობს 66-ე მუხლზე მითითებიდან, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ გარიგებებს ეხება, და ქართული დანაწესის გერმანული ანალოგიდან (გსკ-ის 182 III პარაგრაფი).

45

გერმანულ სასამართალო პრაქტიკასა და იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად,[83] თანხმობასავალდებულო ცალმხრივი გარიგება, თუ ის იდება წინასწარი ნებართვის გარეშე, არანამდვილია, რაც ემყარება 66 1 მუხლში დაფიქსირებული პრინციპის განზოგადებას და განპირობებულია მიმღების ინტერესით თავიდანვე ცალსახად იყოს გათვითცნობიერებული სამართლებრივ მდგომარეობაში, რომლის შეცვლაც მას არ ძალუძს – დადებისთანავე იცოდეს ნამდვილია თუ არა გარიგება. აქედან გამომდინარეობს ნებართვის გარეშე დადებული ცალმხრივი გარიგების მოწონების მნიშვნელოვნად შეზღუდვა, რაც ქართულ სამართალშიც გასაზიარებელია. თუ ამის საპირისპიროდ ნების გამომხატველი ამტკიცებს ნებართვის არსებობას და მიმღები პრეტენზიას არ გამოთქვამს, გარიგება მოწონებაუნარიანი უნდა იყოს.[84]

2. მეორე მხარის უარი ცალმხრივ გარიგებაზე

46

99 III, 66 1, 2 მუხლების თანახმად, არანამდვილია ცალმხრივი გარიგება, მიუხედავად ნებართვის არსებობისა, თუ მისი დამდები ამ ნებართვას არ წარმოადგენს წერილობითი ფორმით (66 III) და მიმღები გარიგებაზე ამ საფუძვლით დაუყოვნებლივ იტყვის უარს.[85] წერილობითი ფორმა შეიძლება ჩაანაცვლოს ელექტრონულმა ფორმამ (იხ. მუხ. 69 22-ე ველი). გარიგებაზე უარში მის საფუძვლად უნდა მიეთითოს წერილობითი ნებართვის არარსებობა[86] და ზოგადად, უარზეც ვრცელდება ნების გამოხატვის განმარტების წესები (52). გარიგებაზე უარი გამორიცხულია, თუ თანხმობის უფლების მქონემ ნების ადრესატს შეატყობინა საკუთარი ნებართვის შესახებ.




  1. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 2.
  2. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 395-396.
  3. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 403.
  4. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 182 Rn. 1.
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 403; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინება №3კ/613-01.
  6. OLG Karlsruhe NJW 1988, 2050.
  7. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 99, გვ. 48.
  8. Flume, Allgemeiner Teil des Bьrgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 886.
  9. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 182 Rn. 3; ზოიძე, ჭანტურია/ახვლედიანი/ზოიძე/ჯორბენაძე (რედ.), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, 99-ე მუხლი, გვ. 267.
  10. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 08 ივლისის განჩინება № ას-543-516-2013.
  11. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 889; შდრ. განსხვავებული პოზიცია ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 99, გვ. 271; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 406.
  12. BGH NJW 1972, 1267.
  13. OLG Dresden OLGR 2001, 113.
  14. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 395; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 402.
  15. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 886, 888.
  16. შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლი და მისი კომენტარი: კროპჰოლერი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის სასწავლო კომენტარი, დარჯანია/ჭეჭელაშვილი (მთარგმნ.), 2014, § 137.
  17. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 394; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 401.
  18. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 99, გვ. 48.გვ. 268.
  19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განჩინება № ას-76-72-2013.
  20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება № ას-784-751-2014.
  21. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 886.
  22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება №ას-1296-1223-2012.
  23. ზოიძე, მუხ. 99,გვ. 268.
  24. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 889.
  25. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 397-398; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 405.
  26. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 895.
  27. შდრ. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 895 და იქ მითითებული ლიტერატურა.
  28. RG 103, 106.
  29. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 896.
  30. RG 125, 53.
  31. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 895.
  32. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 896.
  33. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 182 Rn. 2.
  34. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 182 Rn. 15.
  35. Bayreuther, in Münchener Kommentar zum BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 5.
  36. BGH NJW 1953, 58.
  37. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 7.
  38. OLG Koln NJW 1995, 1499.
  39. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 7.
  40. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 7.
  41. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 7.
  42. BGH NJW 2010, 861; აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოც 2001 წლის 26 ოქტომბრის №3კ/613-01 განჩინებაში.
  43. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 396.
  44. BGH NJW 1982, 1036.
  45. იხ. მუხ. 52 მე-14 ველი; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 240.
  46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება №ას-784-751-2014.
  47. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 7.
  48. BGH NJW 1982, 1036.
  49. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 13.
  50. BGH NJW-RR 2006, 1414.
  51. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 07 ოქტომბრის განჩინება № ას-483-457-2015; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის განჩინება № 3კ/382-01.
  52. BGH NJW 2003, 2160.
  53. BGH NJW-RR 1990, 1251.
  54. OLG Zweibrucken OLGR 2000, 336.
  55. OLG Dusseldorf BeckRS 2009, 25233.
  56. OLG Dusseldorf NZM 2005, 909.
  57. OLG Brandenburg BeckRS 2010, 8958.
  58. OLG Karlsruhe VersR 1992, 1364, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში თავად წარმოდგენილის მიერ უფლებამოსილების მინიჭებაშიც იკითხება კონკლუდენტური მოწონება (27-ე და შემდგომი ველები).
  59. OLG Karlsruhe VersR 1992, 1363.
  60. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინება №3კ/613-01.
  61. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 16.
  62. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 18.
  63. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 19.
  64. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 20.
  65. BGH NJW 98, 532.
  66. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 21.
  67. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 99, გვ. 270.
  68. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 22.
  69. BGH NJW 1994, 1344.
  70. BGH NJW 1959, 883.
  71. გადმოღებულია: Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 23.
  72. BGH NJW 1994, 1344.
  73. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 23.
  74. BGH NJW 1998, 1857.
  75. BGH NJW 1980, 1842.
  76. შდრ. არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შპს-ის დამფუძნებელი ხელშეკრულების შეცვლის ფორმის დაუცველად მოწონებასთან დაკავშირებით Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 23.
  77. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 25.
  78. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 99, გვ. 268-269.
  79. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 99, გვ. 269.
  80. BGH NJW 1982, 1099.
  81. BGH WM 1964, 879.
  82. BGH NJW 1954, 1155.
  83. შდრ. BGH NJW-RR 2003, 303.
  84. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 182 Rn. 33.
  85. BAG NJW 2004, 2612.
  86. BAG NZA 2003, 909.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_99._ცნება&oldid=1834"